„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დამატებით კიდევ ერთი კარავი „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გაშალეს
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დამატებით კიდევ ერთი კარავი „მწვანეყვავილას“ დასახლებაში გაშალეს.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც კომპანია „ენკას“ თანამშრომლები რიონის ხეობაში გადაადგილდებოდნენ.
გოლეთიანის თქმით, იმის გამო, რომ კომპანიის კუთვნილი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ხეობაში გატარება აღარ მოხდეს, კარავი გაიშალა
„კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება. ეს არის „მწვანეყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს. ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად ვერ გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეჰყავდათ ალბათ და გავაკონტროლებთ ამ გზასაც. ჩვენი პროტესტის ძირითადი ლოკაცია კი სოფელი გუმათი და „ენკას“ ბაზა რჩება“,- განაცხადა გოლეთიანმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ დროისთვის კარვები უკვე ოთხ ადგილზე აქვთ გაშლილი.