ნახშირორჟანგის დონემ ბოლო 3 მლნ წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია
ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე უკვე მიაღწია ზღურბლს, რომელიც პლანეტაზე ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
2015 წელს, CO2-ის გლობალურმა საშუალო კონცენტრაციამ ატმოსფეროში მიაღწია 400 ნაწილს მილიონზე (ppm); გასულ წელს ეს მაჩვენებელი 403,3 ppm-მდე გაიზარდა; ამის მიზეზია ადამიანის საქმიანობა და 2015-2016 წლების ძლიერ ელ-ნინიო.
„ციფრები არ ტყუიან“, — ამბობს გაერო-ს გარემოს პროგრამის ხელმძღვანელი ერიკ სოლჰაიმი.
„ჩვენი საქმიანობის შედეგად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნახშირორჟანგი გამოიყოფა; საჭიროა ამ პროცესის შეჩერება. ბოლო რამდენიმე წელში, საგრძნობლად გაიზარდა განახლებადი ენერგიის წილი, მაგრამ ამჯერად, აუცილებელია გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ტექნოლოგიების უფრო განვითარებისთვის“.
მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემებით, ატმოსფერული CO2-ის დონე ახლა 145%-ით მეტია ინდუსტრიამდელ მაჩვენებელთან (1750 წლამდე), ამავე დროს, მეთანის ოქსიდი 257%-ით მეტია, აზოტის კი 122%-ით.
ამ დრომდე, CO2-ის უდიდესი წლიური გამოყოფა 2012-2013 წლებში მოხდა, მაგრამ 2016 წელს ppm გაიზარდა 3,3-ით, რაც უდიდესი მაჩვენებელი აღმოჩნდა ბოლო ათწლეულში.
უცნობია თუ რამდენად არის ეს რეკორდული ზრდა გამოწვეული ელ-ნინიოთი, რომელიც იწვევს გვალვებს, რაც შემდეგ ამცირებს ნახშირბადის ბუნებრივი მშთანთქმელების, მაგალითად ტყეების უნარს — შთანთქან CO2. მაგრამ თვალნათელია, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფის ასეთი უპრეცედენტო ზრდის დანარჩენი წილი ადამიანის კისერზეა.
„ნამდვილად უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები“, — ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის ნახშირბადის მკვლევარი დეივ რეი, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
„ვიცით, რომ რაც უფრო ძლიერდება კლიმატის ცვლილება, სუსტდება ხმელეთისა და ოკეანეების უნარი შთანთქონ ჩვენ მიერ გამოყოფილი ნახშირბადი. ჯერ კიდევ არის დრო, რათა შევამციროთ ეს გამოყოფა და პროცესზე შევინარჩნოთ გარკვეული კონტროლი. თუმცა, თუ კიდევ დიდხანს მოვიცდით, კაცობრიობა გახდება ცალმხრივი მგზავრი კლიმატის ცვლილების სახიფათო ქუჩაზე“.
კარგი ამბავი კი ისაა, რომ ამ გამანადგურებელი სიტუაციის გამოსასწორებლად უკვე ვიღებთ გარკვეულ ზომებს.
კლიმატის ცვლილებას აძლიერებს ძველი სისტემების მუშაობა, რასაც ის დრამატულ პიკამდე მიჰყავს.
ჩინეთში, გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ხელისუფლება ხურავს ქარხნების 40%-ს; ნიდერლანდები კი პირველ ნაბიჯებს დგამს, რათა შემდეგ ათწლეულში სრულიად ამოიღოს ხმარებიდან ქვანახშირი.
გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდი გეგმავს 2035 წლისთვის გახდეს მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც ნახშირბადის გამოყოფა ნული იქნება. ამავე დროს, ავსტრალია ემზადება მსოფლიოში უდიდესი მზის თერმული სადგურის ასაშენებლად.
მიუხედავად აშშ-ის უარისა ნახშირბადის გამოყენების აკრძალვაზე, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანდება პარიზის შეთანხმების გარშემო, რათა წინ აღუდგნენ კლიმატის ცვლილებას. ამ ისტორიულმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო გარკვეული დადებითი შედეგებიც.
დიახ, შეიძლება აპოკალიფსურ სათაურები შიშის ზარს გვცემდეს, მაგრამ როგორც წარსულში მიღწეული გამარჯვებები გვიჩვენებს გარემოს გაუმჯობესების კუთხით — როდესაც ყველა ერთად ვდგებით, ნამდვილად შეგვიძლია მივიღოთ აზრიანი გადაწყვეტილებები გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, მით უმეტეს, როცა საკმარისი ბუნებრივი რესურსები გვაქვს ქარისა და მზის ენერგიის თვალსაზრისით, რათა მივიღოთ საჭირო ენერგიის სრული ოდენობა.
დრო კი არ ითმენს. ახლა ნამდვილად ის დროა, როცა საჭიროა ყველამ დავიკაპიწოთ ხელები და ვიმუშაოთ ისე, როგორც არასდროს, რათა წინ აღვუდგეთ CO2-ის საგანგაშო მაჩვენებლებს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით