ნაიჯელ ფარაჯმა ევროკავშირის ლიდერები და ჯორჯ სოროსი ბრიტანეთის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა
გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერისა და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, ბრექსიტი მაინც შედგება, მიუხედავად ევროკავშირის ლიდერების მცდელობისა, შეაჩერონ პროცესი. მან ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის პროცესის შეფერხებაში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაადანაშაულა.
„თუ ბრიტანეთის მთავრობა ბრძოლას არ გააგრძელებს ბრექსიტის მისაღწევად, ეს იქნება მოღალატეობრივი ქმედება იმ მილიონობით ადამიანის მიმართ, ვინც 2016 წლის რეფერენდუმზე ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცა“, – განაცხადა UKIP-ის ლიდერმა.
ნაიჯელ ფარაჯმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მრავალი წელია ამერიკელი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი მიზანმიმართულად სახიფათო ნაბიჯებს დგამს.
„ჯორჯ სოროსს ყოველთვის ჰქონდა ინტერესი ბრიტანეთის პოლიტიკის მიმართ. დღეს მისი სურვილია, შეჩერდეს Brexit-ი. იგი მზად არის მილიონები ჩადოს ბრექსიტის საწინააღმდეგო კამპანიაში“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.
ფარაჯი ერთ-ერთია იმ ევროპელ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც ვლადიმერ პუტინისადმი დადებითი განწყობით გამოირჩევა. 2014 წელს მან ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ გაამართლა, ევროკავშირს კი მოუწოდა, კრემლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან თავი შეეკავებინათ.