ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 55 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სკვერის, სპორტული მოედნისა და პარკინგის ზონის საერთო ფართობი 4 800 კვ.მ-ია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ფეხბურთის მოედნის მოწყობა, სადაც კალათბურთის ფარებიც დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომი. უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად სრულიად ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე გვექნება, რომლითაც ამ კორპუსში მცხოვრები 230 ოჯახი და ასევე, მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების მცხოვრებლები ისარგებლებენ“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ღირებულება 591 176 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.