მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მონაკოს “მასტერსზე” მეორე მატჩიც იოლად მოიგო. სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს განადგურების (6:1, 6:3) შემდეგ, ესპანელი მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს გაუსწორდა.
ნადალს შეხვედრაში მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა, როცა პირველ სეტში ხაჩანოვმა მატჩში თავისი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და შეძლო მისი გამოყენება. თუმცა, რაფამ იქვე საპასუხო ბრეიკი შეასრულა და შემდეგ, სეტზე ჩააწოდა.
მეორე სეტში ნადალმა ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საათსა და 20 წუთში 6:3, 6:2 მოიგო. ესპანელმა პირველი მოწოდებით ქულების 79 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 65. მის ანგარიშზე 7 ბრეიკ-პოინტი და 4 ბრეიკი მოდის.
ნადალის შეჩერება გრუნტის სეზონში შეუძლებელი ჩანს. აი, როგორია გრუნტზე რაფას მიერ ჩატარებული ბოლო 30 სეტის ანგარიში: 6:1, 6:4, 6:1, 6:1, 6:4, 6:3, 6:0, 6:1, 6:0, 6:1, 6:2, 6:2, 6:2, 6:0, 6:3, 6:4, 6:0, 6:2, 6:3, 6:1, 6:2, 6:2, 6:3, 6:1, 6:4, 6:4, 6:1, 6:3, 6:3, 6:2.
ნადალის მეტოქე მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მძლეველი დომინიკ ტიმი იქნება. სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
გრიგორ დიმიტროვი-დავიდ გოფენი
რიშარ გასკე-ალექსანდრ ზვერევი
მარინ ჩილიჩი-კეი ნიშიკორი.