ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას დღეიდან პისიარტესტის პასუხის წარმოდგენა მოუწევთ
ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეებს დღეიდან საქართველოში შემოსვლისას კორონავირუსზე პისიარტესტის პასუხის წარმოდგენა მოუწევთ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
დღეიდან ასევე მცირდება კარანტინის ვადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეებმა 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის პასუხი უნდა წარმოადგინონ.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებით. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოში შეძლებს საზღვრის კვეთას კარანტინის გარეშე, თუკი წარმოადგენს 72 საათის ვალიდურობის მქონე პისიარტესტს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ პისიარტესტირება.