„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარაში შესაძლოა, ახალი სამინისტროები შეიქმნას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარაში შესაძლოა, ახალი სამინისტროები შეიქმნას

აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი აქციას მართავს. ის აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალი სამინისტროების შექმნას აპირებს.

რეზო ხარაზი აქციის მონაწილეებთან ერთად სწორედ ახალი სამინისტროების შექმნას აპროტესტებს.

„ჩვენი ინფორმაციით, პატარაძე არა ერთი, არამედ სამი სამინისტროს შექმნას აპირებს, სადაც საკუთარი და ცოლის ნათესავების დასაქმებას გეგმავს. მოვუწოდებ, შექმნას ხეების გადატანის სამინისტრო. დღევანდელ მდგომარეობაში ბიუჯეტის ხარჯზე კიდევ არაფრის მომცემი სამინისტროების შექმნა დანაშაულია“, – განაცხადა რეზო ხარაზმა.

რეზო ხარაზმა აჭარის მთავრობის სახლთან სიმბოლურად „ბორჯომი“ მიიტანა და განაცხადა, რომ „პატარაძის უწყებამ ერთ წელიწადში ორი ტონა „ბორჯომი“ დალია“.

ხარაზის ინფორმაციით იგეგმება, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ასევე ეკომიგრაციის სამინისტროები შექმნა.

აჭარის მთავრობას სამინისტროების რიცხვის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მიეცა. ამჟამად აჭარაში ოთხი სამინისტროა.

რამდენიმე დღის წინ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ ახალი უწყების შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.