„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი კირთაძეს ბათუმში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ბათუმში, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შემთხვევა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. მას პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ვსაუბრობდი, მათ შორის, შიდაპარტიულ არჩევნებზე და მოგვივარდა ადამიანი, რომელმაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით და კვერცხების სროლით სცადა ინტერვიუს ჩაშლა. მან ლაჩრულად სცადა, რაღაც დაედგა. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რაც საერთოდ ამ ქვეყანაში ხდება. ასეთი ადამიანების პოვნა ბათუმში უჭირდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ერთი აღმოაჩინეს. მგონია, ძალიან ცუდად მოიქცა. შეიძლება, ეს კონკრეტულ ადამიანებს არ ეხებათ, მაგრამ ის, რომ მათი ხელმძღვანელები და მაღალჩინოსნები უშუალოდ ჩართული არიან ამ ტიპის პროვოკაციების დადგმაში, ეს ხომ ყველამ ვიცით. უშუალოდ მათი ხელმძღვანელები დგამენ ამ ტიპის პროვოკაციებს და ამ ბიჭებმა უნდა გამოიძიონ ის საქმე, რომელსაც მისმა უფროსმა გაუწია ორგანიზება. არ ვიცი, კრიმინალური პოლიციიდან თუ სუს-დან. ამიტომ ბუნებრივია, მოლოდინი არის ნულოვანი და, რეალურად, არც ვთხოვ ამათ არაფრის გამოძიებას. ქვეყანაში მდგომარეობა შესაცვლელია. ვიდრე ეს თავდასხმა მოხდებოდა, ვსაუბრობდი, რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც კრიტიკული აზრის ადამიანები, იქნებიან ეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები თუ ჟურნალისტები, უბრალოდ, აღარ ცხოვრობენ, მათ ან ქვეყანა დატოვეს, ან გარდაიცვალნენ, ან დაიკარგნენ უგზო-უკვლოდ. ამ საუბრის დროს შემოგვეჭრა ეთერში“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.