„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს თვალი აქვს დაზიანებული
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ აქციის დაშლის დროს ერთ-ერთი დაშავებული მისი მეგობარი – ზაზა ლიპარტელიანია. ამის შესახებ ბესიკ ბრეგაძემ „ნიუ ჰოსპიტალსში“ განაცხადა.
ბესიკ ბრეგაძის ინფორმაციით, ზაზა ლიპარტელიანს სამართალდამცველების მიერ გაშვებული წყლის ჭავლი თვალში მოხვდა.
„მას თვალი დაუზიანდა. როგორც ექიმები გვეუბნებიან, თვალი შენარჩუნებული აქვს, თუმცა სახის ძვლები აქვს დამტვრეული და აუცილებლად სჭირდება ქირურგიული ჩარევა“, – აცხადებს ბესიკ ბრეგაძე.
„ნიუჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სამი დაშავებულიდან ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელია.
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.
„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.