„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი შესწორება ევროსაბჭოს რეზოლუციაში ვერ მოხვდა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს.
კერძოდ, ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში მათ მომზადებული ჰქონდათ შესწორება, რომლის შეტანაც რეზოლუციის პროექტში მე-12 პუნქტის შემდეგ სურდათ: „ასამბლეა მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპის საბჭოს სტატუტის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზული რისკის წინაშე დგას (Ets No. 1). ამიტომ, ასამბლეამ, შესაძლოა, განიხილოს ამ რეზოლუციის შესრულების შესახებ პროგრესის ანგარიში მომდევნო მეოთხე ეტაპზე. უკუსვლის შეჩერებისა და ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით პროგრესი თუ არ იქნება, ამან, შესაძლოა, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის დამატებითი ერთობლივი პროცედურის დაწყება გამოიწვიოს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიერ წარდგენილი შესწორება ევროსაბჭოს რეზოლუციაში ვერ მოხვდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია 27 ივნისს მიიღო.