მაკა ბოჭორიშვილი - კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაუცველები ვართ, როცა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან
მაკა ბოჭორიშვილი - კირბალთან მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დაუცველები ვართ, როცა არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რა არის ოკუპაცია და რასთან გამკლავება გვიწევს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ათენში მიმდინარე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, 6 ნოემბერს მომხდარი უმძიმესი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო.

„ეს აჩვენებს, რამდენად დაუცველი ვართ, როდესაც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის ქუდი არ გვაერთიანებს დემოკრატიულ სამყაროსთან, მიუხედავად ჩვენი ევროპული მისწრაფებებისა. საქართველო ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის და მშვიდობის შენარჩუნებისთვის ქვეყანაში. ჩვენთვის საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის დასაცავად და აგრესიის შესაჩერებლად. აუცილებელია, გვახსოვდეს, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ უკრაინაში, არის იმავე ქმედებების გაგრძელება, რომელსაც რუსეთი იყენებს საქართველოში უკვე 30 წელია. რუსეთის იმპერიული ამბიციები დღემდე ასუსტებს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ „არა“ რუსულ ოკუპაციას ჩვენი ასამბლეის მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს ერთი მოქალაქე, კიდევ ერთი კი გაიტაცეს.