„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან კარვები დაშალეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან კარვები დაშალეს. როგორც 1tv.ge-ს პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განუცხადა, საუბარია დაახლოებით ათამდე კარავზე, რომელიც პარლამენტთან 16 დეკემბერს გაშალეს.
მისი თქმით, ამ დროისთვის, კარვები სადმე კონკრეტულ ადგილას არ გადააქვთ, თუმცა სადაც საჭირო გახდება, იქ დადგამენ.
„ამ დროისთვის, კარვები სადმე კონკრეტულ ადგილას არ გადაგვაქვს, თუმცა სადაც საჭირო იქნება, იქ გავშლით, იქნება ეს კანცელარია თუ სხვა ადგილი. მე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს იყო ჩემი პირადი პროტესტის გამოხატვა, მე ვიყავი პასუხისმგებელი იქ კარვების გაშლაზე, იმ საღამოს გავაპროტესტეთ და ამის შემდეგ კარვების დაშლას ვგეგმავდით. უბრალოდ, გუშინ რამდენიმე ადამიანმა სურვილი გამოთქვა, რომ კარავში ღამეს გაათევდა და ამიტომ გუშინ არ დავშალეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, ხვალ თანაგუნდელებთან ერთად, გურჯაანში გაემგზავრება, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა კარვები 16 დეკემბერს გაშალა.