„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში აცხადებენ, რომ დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პასიურობის გამო გადააყენეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში აცხადებენ, რომ დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პასიურობის გამო გადააყენეს

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე დავით ხომერიკი აცხადებს, რომ დარეჯან ცხვიტარიასა და პაატა ჩაგანავას თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება ფრაქციაში მათი პასიურობისა და ფრაქციის სხდომებზე გამოუცხადებლობის გამო მიიღეს.

როგორც დავით ხომერიკი აცხადებს, დარეჯან ცხვიტარიას მხრიდან ხშირად ხდებოდა გუნდთან შეუთახმებლად პოზიციებისა და განცხადებების გასაჯაროვება.

„ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა, რათა ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე. ყველასთვის გასაგებია, რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს. ორი წელია, ეს ქალბატონი არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამი, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. ორი წელია, ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩავნიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ, მოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია, ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იმავე მიზეზით გადავაყენეთ“, – განაცხადა დავით ხომერიკმა.

ფოთის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.