„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი აცხადებს, რომ აჭარაში ინფექციების წყარო ე.წ. ოცნების ქალაქია
აჭარაში წითელას ეპიდემიისა და სხვა ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი მთავარი წყარო თვითნებურად შეჭრილთა დასახლება, ე.წ. “ოცნების ქალაქია”, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კი გაურკვეველი მიზეზების გამო, ამ ფაქტს ასაიდუმლოებს. განცხადება დღეს დასახლებაში მისულმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი დიასამიძემ გააკეთა.
“ეს არის ეპიდემიების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო. გაზაფხულის დადგომასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად რისკები იზრდება. ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას სავარაუდოდ იმ მიზეზით, ასაიდუმლოებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადაჭრა პრობლემა. მოვუწოდებ მთავრობას, სასწრაფოდ მოაგვაროს აქ ანტისანიტარიის გლობალური პრობლემა”-განაცხადა დიასამიძემ.
დიასამიძის განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
“აჭარაში წითელას 226 შემთხვევიდან მხოლოდ ერთი დაფიქსირდა “ოცნების ქალაქში”, ისიც ერთ წლამდე ბავშვზე, რომელიც ვერ იქნებოდა ასაკის გამო აცრილი. ყველა ბავშვი კონტროლზეა და უტარდება ვაქცინაცია. აპრილიდან, როცა რეგიონში სადეზინფექციო სამუშაოებს ვიწყებთ, უკვე წლებია, პირველად სწორედ ამ დასახლებას ვაკითხავთ. ასე იქნება წელსაც და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაამოწმონ”-განაცხადა პირველ არხთან ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ.