„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
მისივე თქმით, ეს გამოჩნდა მედიაში გავრცელებული ჩანაწერიდანაც, სადაც ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას მერი ეუბნება, რომ გადაწყვეტილებას მშენებლობასთან დაკავშირებით თავად ვერ მიიღებს.
„მერმა უნდა გააკეთოს განმარტებები, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება მისი პასუხისმგებლობისა და იმპიჩმენტის საკითხი“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ქამადაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. სულიკო თებიძის განცხადებით, ავტონომიის მთავრობას თავმჯდომარე სწორედ იმიტომ ჰყავს, რომ მასთან კონსულტაციები განხორციელდეს.
„გავრცელებულ ჩანაწერში ბათუმის მერი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე საუბრობდა, ამ დროს კი აუცილებელია მთავრობის თავმჯდომარესთან კონსულტაცია. საერთოდ, ავტონომიურ რესპუბლიკას იმიტომ ჰყავს მთავრობა და თავმჯდომარე, რომ მოხდეს გარკვეული საკითხების შეთანხმება“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.
ხმაურის შემდეგ ბათუმის საკრებულომ მუშაობა გააგრძელა.