„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუპოვი აცხადებს, რომ სოფელ ნახიდურში მომხდარი ინციდენტისას მას „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი არიფ იუსუპოვი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ჩაიხანაში მას „ქართული ოცნების“ 50-მდე მხარდამჭერი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
არიფ იუსუპოვის განცხადებით, ჩაიხანაში მოსულები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ. მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს შორის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაც იმყოფებოდა.
„დღეს ჩვენი პლაკატები გავაკარით. მერე მოვედით ჩვენი სოფლის ჩაიხანაში და ჩაის დალევა გვინდოდა. მერე მეშველიანი, კოჩალიშვილი და მათთან ერთად 50 კაცი, ნარკომანი, ბანდიტი, რომლებსაც უნდათ საქართველოში მშვიდობიანი მომავალი, დემოკრატიული საქართველო არ უნდათ, მოვიდნენ ჩვენთან. არანაირი ინციდენტი არ იყო ჩვენთან. პირდაპირ ფეხი დამარტყეს სახეში, ხელში, თავში. 50 კაცი იყო, მარტო მე ვიყავი, პარტიის არც ერთი წევრი ჩემთან არ იყო. მე ქურდი ვარო, პარლამენტის წევრის ძმა ქურდი როგორ უნდა იყოს, იარაღი ჰქონდა და ატრიალებდა. პოლიციაში არ მივდივარ, რადგან მე მართალი ვარ. მართალი ვარ იმიტომ, რომ მარტო მე ვიყავი, იმდენი კაცი მოვიდა. არ ვაპირებ გამოკითხვაზე მისვლას. ხალხი არ მიშვებს პოლიციაში, არ აქვთ პოლიციის იმედი“, – განაცხადა არიფ იუსუპოვმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში დაპირისპირება 27 სექტემბერს მოხდა.