„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ოპოზიციისა და არასამთავრობოების ჩართვას ითხოვს
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვას ითხოვს.
მისი თქმით, მათ არ აქვთ ილუზია იმისა, რომ მერია ღია და გამჭვირვალე კონკურსს ჩაატარებს და თანამდებობებზე კონპეტენტურ ადამიანებს დანიშნავს. ამასთან, აღნიშნა, რომ მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია 22 თებერვალს სრულდება, რომლის შემდეგაც უნდა შეიქმნას საკონკურსო საატესტაციო კომისია.
„მოგეხსენებათ, რომ მერიაში გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომელიც მთავრდება 22 თებერვალს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში ხდება სტრუქტურული ცვლელებები, ამასთან დაკავშირებით გვაქვს შემხვედრი წინადადება ბატონ კალაძესთან, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ მათი მიზანია პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული თბილისის მერია. თუ მართლა აპირებს, რომ დღეს პროფესიონალი და კომპეტენტური ადამიანებით დააკომპლექტოს თბილისის მერია და ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე კონკურსები, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს ასეთი წინადადება, რომ მან საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში ჩართოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ჩვენ მზად ვართ, ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მივიღოთ ამ საკონსურსო-საატესტატო კომისიაში მონაწილეობა. ამასთან, კომისიის მუშაობაში ჩართონ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ და არა მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან ასოცირებული. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ბატონო კალაძე და ზოგადად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნამდვილად კომპეტენტური და პროფესიონალური ნიშნით შეარჩევენ ადამიანებს და ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად პროფესიონალები არიან, არ აღმოჩნდებიან სამსახურს მიღმა“, – განაცხადა დათუკიშვილმა.