„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო, რომელსაც პირველი ყოველწლიური ანგარიში უნდა წარედგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია დღევანდელ სხდომას არ დაესწრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს რა თქმა უნდა, ძალიან გვიმძიმდა დღევანდელ სხდომაზე მოსვლა, მაგრამ რადგანაც არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი შიკრიკი მოდიოდა პარლამენტში, ჩვენ მოვედით, რათა მისთვის გადაგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.

თქვენ ნახეთ, აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურ შესაბამის მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისაკენ და დიალოგისკენ. ნახეთ განცხადება სახალხო დამცველის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის დაწყება ნიკა მელიას მიმართულებით იყო ძალიან მძიმე შეცდომა, რომელიც დაძაბავს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. გვსურდა, რომ ეს გზავნილი გაგვეჟღერებინა პარლამენტის დარბაზში ქვეყნის ნომინალური პრემიერ-მინისტრის გასაგონად, რადგანაც, თუნდაც ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა, რაც მიუთითებს იმაზე, რა ღრმა კრიზისშია შესული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ რა თქმა უნდა, დღევანდელ სხდომას არ დავესწრებით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ყოველწლიურ მოხსენებით უნდა გამოსულიყო. დოკუმენტი 212-გვერდიანია. მოხსენებაში საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე. ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.