„ნაციონალური მოძრაობა“ - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტია არ მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას
„ნაციონალური მოძრაობა“ - კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტია არ მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიესალმებიან „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის მიერ ყალბი და არაიდენტიციფირებადი გვერდების, ფეიკ-ინფორმაციების გავრცელების აღკვეთის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი პარტია არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას.

„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.
ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ერთ დროს „ნაციონალური მოძრაობას“ წარმოადგენდნენ და კარგად იციან, როგორ საქმიანობდა და საქმიანობს პარტია, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.

„ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ არიან“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირების გვერდების, ასევე ჯგუფების წაშლის თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია .

როგორც „ფეისბუქის“ ანგარიშშია აღნიშნული, საერთო ჯამში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პიროვნებებთან ასოცირებული 23 ანგარიში, 80 გვერდი და 41 ჯგუფი წაიშალა.