„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციას მართავენ
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი სლოგანით – „თავისუფლება გავრილოვის პირად პატიმარს“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიან და ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
„რამდენიმე დღე გავიდა უკვე, არანაირი სიგნალი არ მოსულა ხელისულფებისგან, რომ მზად არის, მიუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას. სამაგიეროდ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ თურმე არსებობს წითელი ხაზები, რისი განხილვაც არ შეიძლება. მე აქედან მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც, მეგობრებო, ახლა არ არის წითელი ხაზებისა და წერტილების დასმის დრო“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ და ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებისკენ გამართეს.
სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.