„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ. ისინი ავტომობილებით მსვლელობას მართავენ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არის გადაყვანილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მსვლელობის მონაწილეები ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნას აპროტესტებენ.

„ხელისუფლება ჯერ არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვაპროტესტებთ ნიკა მელიას საპყრობილეში ყოფნას და ეს არის სწორედ მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი. ნიკა მელია როდესაც გათავისუფლდება, ბუნებრივია, ეს აქციებიც არ იქნება. აქციები და მოლაპარაკებები ერთმანეთთან არ არის შუაში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვთქვით უარი სახელმწიფო შენობების პიკეტირებაზე. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ჯერ არავის აუკრძალავს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.