სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი - უკრაინიდან დაბრუნებისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს
ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ.
როგორც სუხიშვილების განცხადებაშია აღნიშნული, ანსამბლი ამ დროისთვის იმყოფება უკრაინაში და კარანტინის გამოცხადების გამო, წყვეტენ ტურნეს.
„ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო! როგორც იცით, ანსამბლი პირველი თებერვლიდან ვიმყოფებით საგასტროლო მოგზაურობაში. დიდი წარმატებით ჩავატარეთ კონცერტები პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვისა და უკრაინის ქალაქებში. 6-10 მარტს კიევის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც 4000-მდე მაყურებელს იტევს, სრული ანშლაგით გავმართეთ 5 კონცერტი.
გუშინ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის გამო ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რის გამოც ვწყვეტთ ტურნეს და ჩვენი პროდიუსერები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ უახლოესი რეისით დაგავბრუნონ საქართველოში.
საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით გასტროლებზე მყოფ დასის არც ერთ წევრს არ აღენიშნება ვირუსის სიმპტომები! აქვე გვინდა გითხრათ, რომ მართალია, უკრაინა არ შედის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების რიცხვში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ვირუსით შესაძლო ინფიცირების რისკებს და ზუსტად დავიცავთ ყველა საჭირო რეკომენდაციას – ჩამოსვლისთანავე გავივლით სავალდებულო შემოწმებას და დავიცავთ თვითიზოლაციის წესს, რისკენაც მოვუწოდებთ სხვებსაც.
ასევე გაცნობებთ რომ მოიხსნა თბილისში 3 და 4 აპრილს დაგეგმილი ანსამბლის 75 წლის საიუბილეო კონცერტები.
ნუ მივეცემით პანიკას და მთავარია დავიცვათ რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აღნიშნულია სუხიშვილების განცხადებაში.