„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის წინააღმდეგ წავა
პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გია აბულაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს მოლოდინი, რომ მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის, თორნიკე რიჟვაძის წინააღმდეგ წავა.
ფრაქციამ პრეზიდენტთან კონსულტაცია დააასრულა
„დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ არის ნორმალური პროცესი, როცა ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი. ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს კანდიდატს, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ ივანიშვილის წინაშე. პრეზიდენტის პოზიციას რაც შეეხება, მისთვისაც გაუგებარია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ, თუმცა გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი იმისგან განსხვავებულად არ მოიქცევა, როგორც ხაბაძის და პატარაძის შემთხვევაში მოიქცა”,-განაცხადა გია აბულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს. „ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის“ შემდეგ მარგველაშვილი „ევროპული საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსისა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება. ეს სამი პარტია თითო დეპუტატით არის წარმოდგენილი.