„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხულოში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს
„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხულოში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხულოში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენელმა, გია აბულაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებისა და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლა მიმდინარეობს.

აბულაძე იმასაც ამტკიცებს, რომ სოფელ ტაბახმელასთან მობილიზებულია სპეცრაზმი, თუმცა ამის დამადასტურებლად მან წარმოადგინა ფოტოები, რომელზეც ჩანს პოლიციის პიკაპი და ერთი „ვილისი“.  ის ამტკიცებს, რომ ავტომანქანებში იმყოფებიან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სპეცრაზმელები.

აბულაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს გადაცემული აქვთ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებიც. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სამაგიდო, დასურათებული სიები გამოართვა და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც აქვს. მისივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე გაზრდილია ამომრჩეველთა რაოდენობა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ „ქართული ოცნების“ შტაბში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ჭეიშვილმა უპასუხა.

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არანაირი საჭიროება არ არის სპეცრაზმის მობილიზების. „ნაციონალური მოძრაობა“ ეტყობა, პოლიციას და სპეცრაზმს ვეღარ არჩევს. რა გასაკვირია, თუ მუნიციპალური პოლიცია არჩევნების დღეს სადმე გადაადგილდება. რაც შეეხება სიებს, ის დევს ცესკო-ს ვებგვერდზე და ყველასათვის ხელმისაწვდომია, თუმცა ჩვენს კოორდინატორებს არც სიები აქვთ. ხულოს ამომრჩეველს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატის პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გამარჯვებაში“,- განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.