ნაჩო სანჩეს ამორი - გვსურს, მივიდეს დანარჩენ მსოფლიომდე და რუსეთამდე, რომ უარს არ ვეუბნებით არც ერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, იზიარებს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს
ნაჩო სანჩეს ამორი - გვსურს, მივიდეს დანარჩენ მსოფლიომდე და რუსეთამდე, რომ უარს არ ვეუბნებით არც ერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, იზიარებს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს

ჩვენ მზად ვართ ჩართულობისა და დისკუსიისთვის წევრობის მსურველ ნებისმიერ ქვეყანასთან, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს პოლიტიკური ნიშანია. თუმცა, ჩვენ მხედველობაში უნდა გვქონდეს ბევრი ნიუანსი, პროცედურები, რასაც უნდა გავყვეთ. სხვა კანდიდატები, რომლებიც წლებია, ამაზე მუშაობენ, მაგალითად, თურქეთი. კიდევ ბევრი პოლიტიკური ნიუანსია, მაგრამ პოლიტიკური ნიშანი გაგზავნილია და ის ნათელია, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ოჯახის წევრი იყოთ და ეს პოლიტიკური ნიშანი გვსურს, რომ მივიდეს დანარჩენ მსოფლიომდე და რუსეთამდე, რომ ჩვენ უარს არ ვეუბნებით არც ერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, რომელიც იზიარებს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ეს არის ჩვენი შეთავაზება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირი გაფართოების პირველ დიდ ტალღაზე შეჯერდა, ეს მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში სწორედ მაშინდელი რუსეთის ზეწოლის გამო.

„ახლაც მსგავსია. გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ჩვენ ვაჩქარებთ პროცედურებს და პოლიტიკური გადმოსახედიდან, ეს აბსოლუტურად სწორია. ჩვენ, პარლამენტმა შევთავაზეთ ევროკომისიას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასტურის მიცემა. თქვენმა ქვეყანამ და მოლდოვამაც იგივე გააკეთა, კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინა. არ ვიცი, არის თუ არა შესაძლებლობა და ნიადაგი, იმოქმედოთ როგორც ბლოკმა, მაგრამ სულ მცირე, ვფიქრობ, მზად ვართ გაფართოებაზე დისკუსიისთვის და ეს ნახევრად ღია გზაა სხვა ქვეყნებისთვისაც. რა საკვირველია, სიტუაცია უკრაინაში დრამატულია, ისეთი არაა, როგორც თქვენთან, მაგრამ თქვენც მოგადგათ ტკივილი, მაგალითად, 2008 წელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ჩართულობისა და დისკუსიისთვის წევრობის მსურველ ნებისმიერ ქვეყანასთან“, – აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.