ჩვენს ვარსკვლავურ სამეზობლოში ძალიან უცნაური ობიექტი დაჰქრის, რომელიც ასტრონომებს საგონებელში აგდებს.
ობიექტი ძალიან დიდია და აქვს უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი. გარდა ამისა, „მოხეტიალეა“, ანუ არ მიეკუთვნება არც სხვა ობიექტს.
ასტრონომებმა ის რადიოტელესკოპ Very Large Array-ის (VLT) გამოყენებით აღმოაჩინეს.
მდებარეობს ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს პლანეტური მასის პირველ ობიექტს, რომელიც რადიოტელესკოპით დააფიქსირეს.
აქვს იუპიტერზე 12,7-ჯერ მეტი მასა და თავსდება ზუსტად პლანეტის ზედა ზღვარზე, რომლის იქით უკვე ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავის ტერიტორია იწყება.
„ეს ობიექტი ზუსტად პლანეტისა და ყავისფერი ჯუჯას, ანუ ‘არშემდგარი ვარსკვლავის’ ზღვარზე იმყოფება და გარკვეულ სიურპრიზებს გვთავაზობს, რომლებიც უნდა დაგვეხმაროს ვარსკვლავებსა და პლანეტებზე მიმდინარე მაგნიტური პროცესების გარკვევაში“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომი მელოდი კაო.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტების მიხედვით, ყავისფერი ჯუჯა არის ობიექტი, რომელიც პატარაა იმისათვის, რათა აწარმოოს წყალბადის სინთეზი — დომინანტი პროცესი, რომელიც ვარსკვლავებში ენერგიას გამოიმუშავებს — მაგრამ საკმარისად დიდია, რათა აწარმოოს მძიმე წყალბადის (დეტერიუმი) სინთეზი — დაბალ ტემპერატურაზე მიმდინარე პროცესი, რომელიც სასიცოცხლოა ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავებისთვის.
გამომდინარე აქედან, ისინი თავსდება ძალიან პატარა ვარსკვლავებსა და ძალიან დიდ პლანეტებს შორის, რომლებსაც იუპიტერზე 13-80-ჯერ მეტი მასა აქვთ. ყავისფერ ჯუჯებს ხშირად „არშემდგარ ვარსკვლავებსაც“ უწოდებენ.
თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ ისინი არ გამოყოფდნენ არანაირ რადიოტალღებს, მაგრამ 2001 წელს აღმოაჩინეს, რომ ისინი სავსეა მაგნიტური აქტივობებით. შემდგომმა დაკვირვებებმა ცხადყო ისიც, რომ ყავისფერი ჯუჯები წარმოქმნიან ძლიერ პოლარულ ციალებს.
დედამიწაზე პოლარულ ციალს წარმოქმნის მზის ქარები, რომლებიც ჩვენს იონსფეროში დამუხტულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებენ. ეს დამუხტული ნაწილაკები მიემართებიან პლანეტის პოლუსებისკენ მიმავალი მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, სადაც ცაში მოკაშკაშე სინათლის სახით ჩნდებიან და წარმოქმნიან ძლიერ რადიოგამოსხივებას.
მაგრამ როგორც ცნობილია, ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავურ ქართა სიახლოვეს არ იმყოფებიან და შესაბამისად, მათი პოლარული ციალის წარმოქმნის ამბავი ერთგვარ გამოცანას წარმოადგენს.
ამ პროცესის შესახებ უფრო მეტი დეტალის გარკვევაში ასტრონომებს შეიძლება სწორედ ეს ახლად აღმოჩენილი ობიექტი დაეხმაროს, რომელსაც SIMP J01365663+0933473 უწოდეს.
იგი ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვაში აღმოაჩინეს და მისი ასაკი დაახლოებით 200 მილიონი წელია, ანუ, ვარსკვლავური თვალსაზრისით ჯერ მხოლოდ ჩვილია.
მიუხედავად იმისა, რომ აქვს იუპიტერზე 12,7-ჯერ მეტი მასა, ზომით მას ოდნავ აღემატება — მისი რადიუსი ჩვენი გაზის გიგანტისას მხოლოდ 1,22-ჯერ აღემატება.
მზის ზედაპირის 5500 გრადუს ცელსიუს ტემპრატურისგან განსხვავებით, ის შედარებით ცივია და მისი ზედაპირის ტემპერატურა 825 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
მაგრამ მისი მაგნიტური ველი უკეთესად შესასწავლად ნამდვილად ღირს. ის იუპიტერის მაგნიტურ ველზე 200-ჯერ ძლიერია.
მკვლევართა ჯგუფმა მისი პოლარული ციალიდან მომდინარე რადიოგამოსხივება დააფიქსირა. მისი ციალი გარკვეულწილად ეჭვქვეშ აყენებს მათი მექანიზმის ჩვენეულ გაგებას როგორც ყავისფერი ჯუჯების, ისე ეგზოპლანეტების შემთხვევაში.
„ეს განსაკუთრებული ობიექტი ამაღელვებელია, რადგან მისი მაგნიტური დინამოს მექანიზმის შესწავლას შეუძლია სრულიად ახალი დეტალები გაგვიმხილოს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს იგივე ტიპის მექანიზმი ეგზოპლანეტებზე.“, — ამბობს კაო.
მისივე თქმით, ეს მექანიზმი უნდა მოქმედებდეს არა მხოლოდ ყავისფერ ჯუჯებში, არამედ გაზის გიგანტებსა და კლდოვან პლანეტებზეც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ განსაკუთრებულ აღმოჩენას შეიძლება, კიდევ ერთი ამაღელვებელი შედეგი მოჰყვეს, რომელიც პოლარული ციალებისგან გაცილებით შორს მიდის.
ასტრონომ გრეგ ჰალინანის განცხადებით, SIMP J01365663+0933473-ის აღმოჩენა ტელესკოპ VLA-ით, მისი პოლარული ციალის რადიოგამისხივების გზით, საფუძველს უყრის ეზგოპლანეტების აღმოჩენის სრულიად ახალ გზას. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ გზით აღმოაჩინეს მოუხელთებელი მოხეტიალე პლანეტა, ანუ პლანეტა, რომელიც დედავარსკვლავის გარშემო არ მოძრაობს და კოსმოსში დაეხეტება.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია public.nrao.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.