მზის ორმაგმა ამოფრქვევამ აზიისა და ავსტრალიის თავზე რადიოსიგნალთა ჩახშობა გამოიწვია — #1tvმეცნიერება
25 აპრილს, მზის ლაქამ მზეზე ორმაგი ამოფრქვევა გამოიწვია, რამაც აზიისა და ავსტრალიის თავზე რადიოსიგნალთა გარკვეულწილად ჩახშობა განაპირობა.
spaceweather.com-ის ცნობით, მზის ლაქამ, სახელად AR2993, ერთმანეთის მიყოლებით ამოაფრქვია ორი M1 ანთება. მზის ანთებები ელექტრომაგნიტური რადიაციის ამოფრქვევებია; M-კლასის ანთებები საშუალო ზომის ანთებებია, რომლებსაც ზოგიერთი რადიოსიხშირის მოშლა შეუძლია და ზოგჯერ, კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს ჩვეულებრივზე მაღალი დონის რადიაციის ქვეშაც აქცევს.
მზის ლაქა AR2993 საშუალო ზომისაა, მაგრამ როგორც NASA-ს მზის ფიზიკოსი, დინ პენსელი განმარტავს, მისი ფართობი ასობით მილიონი კვადრატული კილომეტრია — ამ აქტიურ რეგიონში დედამიწა ისე მოთავსდებოდა, როგორც კვერცხი ბუდეში.
მზის ლაქები მზის რეგიონებია, რომლებშიც მაგნიტური ველი დროებით გაცილებით ძლიერია, ვიდრე მიმდებარე ზონაში. ეს მაგნიტური ძალები მზის წიაღიდან მომდინარე ცხელი აირების დინებას ბლოკავს და შედეგად, მზის ლაქები მიმდებარე გარემოზე გაცილებით ცივია. მზის ანთებები მაშინ ხდება, როცა მზის ლაქებთან ახლოს მაგნიტური ველის ხაზები ფეთქებადად გადაეწყობა.
ზოგჯერ, რადიაციის ეს ამოფრქვევები ასევე იწვევს კორონული მასის ამოფრქვევებს, რაც მზის პლაზმის აფეთქებებს წარმოადგენს.
გასული რამდენიმე კვირა მზისთვის ძლიერ აქტიური იყო, რამდენიმე აქტიურმა ლაქამ ანთებები წარმოქმნა. მზის აქტივობას 11-წლიანი ციკლები ახასიათებს, რასაც 1775 წლიდან აღრიცხავენ. ამჟამად მზე 25-ე ციკლშია და აქტივობის ზრდის პერიოდი უდგას.
მეცნიერთა პროგნოზით, 25-ე ციკლი პიკს 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ გაიზრდება მზის ლაქების, ანთებებისა და კორონული მასის ამოფრქვევათა სიხშირე.
მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი ეს ანთება და კორონული მასის ამოფრქვევა უფრო ქმედითი იქნება, ვიდრე საშუალო ზომის M1-ის ორმაგი ამოფრქვევა. 19 და 20 აპრილს, კიდევ ერთმა სხვა ლაქამ, სახელად AR2992, უმძლავრესი X-კლასის ანთება ამოაფრქვია.
X-ანთებები 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე M-კლასის და შეუძლია გამოიწვიოს რადიაციული შტორმები, რომლებიც აზიანებს ხელოვნურ თანამგზავრებს, რადიოკომუნიკაციებს და დედამიწაზე არსებულ ელექტროსისტემებსაც კი. საბედნიეროდ, დედამიწა გასული კვირის X-ანთების არეალში სრულად ვერ მოხვდა, რადგან ეს ლაქა პირდაპირ ჩვენკენ არ იყო მომართული.
დიდ ანთებებსა და კორონული მასის ამოფრქვევებს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან დიდებული ციალის წარმოქმნაც შეუძლიათ. მზიდან წამოსული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველებთან ურთიერთქმედებს, აღაგზნებს ატმოსფეროს ზედა ნაწილში არსებულ ჰაერის მოლეკულებს და სინათლის ფოტონების გამოცემას აიძულებს. შედეგად კი წარმოიქმნება უმშვენიერესი სანახაობა — პოლარული ციალი.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.