მზის ძლიერ აქტიური ლაქა კვლავ დედამიწისკენ არის მომართული — #1tvმეცნიერება
მზის ლაქის რეგიონი, რომელმაც მაისის დასაწყისში დედამიწის უდიდეს ნაწილში გამოიწვია დიდებული პოლარული ციალი, კვლავ დაბრუნდა და კვლავ სანახაობას გვიმზადებს.
AR 3664, რომელმაც X-კლასის რამდენიმე ანთება წარმოქმნა, მათ შორის ყველაზე მძლავრი მზის ამჟამინდელ ციკლში, მაისის შუა რიცხვებში ჩვენს თვალსაწიერს მიეფარა და მზის მეორე მხარეს მოექცა. ახლახან ის კვლავ გამოჩნდა.
მზის ბრუნვასთან ერთად, როცა ის მზის ჰორიზონტზე 27 მაისს კვლავ გამოჩნდა, ახალი სახელი, AR 3697 უწოდეს. ლაქამ კიდევ ერთი მძლავრი X-კლასის ანთება ამოაფრქვია, ამჯერად X 2,8.
მას შემდეგ, ლაქამ X-კლასის კიდევ ოთხი ანთება ამოაფრქვია.
29 მაისს, მან X1,45 ანთება ამოაფრქვია. 31 მაისს X1,1 ანთება, პირველ ივნისს კი ორი ანთება წარმოქმნა, X1,03 და X1,4.
თუმცა, ამ ამოფრქვევების გამო მზის ისეთ შტორმებს ვერ ვიხილავთ, როგორც მაისის დასაწყისში. ამჯერად არ დაფიქსირებული თანმხლები კორონარული მასის ამოფრქვევა (CME) — მზის პლაზმისა და მაგნიტური ველის უზარმაზარი ამოფრქვევა, რომელიც დედამიწის მაგნიტოსფეროსთან შეჯახებისას, პოლარულ ციალებს წარმოქმნის.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ AR 3697 უკვე ჩავლილია. სუსტ ანთებებს ის ყოველდღე წარმოქმნის. 2 ივნისს წარმოქმნა M-კლასის ანთება, რომელიც X-ის წინა, დაბალი დონეა, 10-ჯერ უფრო სუსტი. ასევე წარმოქმნა C–ის ათი ანთებაც, რომელიც M-კლასზე 10-ჯერ უფრო სუსტია. სავარაუდოდ, დიდ ეფექტებს ვერ ვნახავთ, მაგრამ ძლიერია კიდევ უფრო მეტი X-კლასის ანთების შანსი, თუ Spaceweatherlive-ს დავუჯერებთ, 30 პროცენტი.
მზის ლაქის რეგიონი ახლა მზის დისკოს ცენტრის გარშემო მდებარეობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ამოფრქვევა, რომელიც მოხდება, პირდაპირ ჩვენკენ შეიძლება იყოს მომართული. რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ კორონარული მასის ამოფრქვევა მოხდება, მაგრამ ამის შანსი საშუალოზე მაღალია.
ამჟამად ჩვენ მზის 11-წლიანი ციკლის პიკს ვუახლოვდებით ან სწორედ ამ პიკში ვართ და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მომდევნო თვეებში ჩვენმა ვარსკვლავმა ღამის ცაში კვლავ შემოგვთავაზოს შთამბეჭდავი სანახაობა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.