მზია თოდუა მიიჩნევს, რომ უვადოდ დანიშვნის წესი უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებზეც უნდა გავრცელდეს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მიმართვა გააცნო, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს დღეს მოქმედ მოსამართლეებზე ის წესი უნდა გავრცელდეს, რომელიც გავრცელდება ახალი კონსტიტუციის მიხედვით არჩეულ მოსამართლეებზე. საუბარია მოსამართლეთა, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე გამწესებაზე.
„თვითონ კონსტიტუციამ და ორგანულმა კანონმა ამ საკითხზე არაფერი არ თქვა თავის დროზე და ეს საკითხი არის ღია. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც საკითხი ღიაა, სჭირდება დარეგულირება, წესის შემუშავება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოქმედი მოსამართლეებისათვის განსხვავებული მიდგომა უნდა არსებობდეს, იმის მსგავსი, როგორი წესითაც ახალი კონსტიტუციით ირჩევიან მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა გავაჟღერეთ ჩვენ. ვენეციის კომისიამ პირდაპირ ჩაწერა, რომ მოქმედი მოსამართლე, რომელიც დღეს ახორციელებს უზენაეს სასამართლოში საქმიანობას, ავტომატურად უნდა გადაინიშნონ საპენსიო ასაკის მიღწევამდე“, – განაცხადა მზია თოდუამ.
მზია თოდუას ოპტიმისტური მოლოდინი აქვს და იმედოვნებს, რომ პარლამენტი მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დღეს გაავრცელეს მიმართვა, რომლის მიხედვითაც მოითხოვეს, რომ უზენაესი სასამართლოს დღეს მოქმედი მოსამართლეები თანამდებობაზე უვადოდ გადაინიშნონ. ასეთი, დღეის მდგომარობით 10 მოსამართლეა.