მზია გიორგობიანი - 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ცხრაას სამოცდახუთი მილიონი ლარი იქნება
მზია გიორგობიანი - 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ ცხრაას სამოცდახუთი მილიონი ლარი იქნება

წლევანდელ წელთან შედარებით 150 მილიონი ლარით არის გაზრდილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი პირველადი პროექტის მიხედვით და ის მილიარდ ცხრაას სამოცდახუთ მილიონ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ისაუბრა დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.

მისი განცხადებით, ამ თანხის 70% განსაზღვრულია გზების მშენებლობისათვის – ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 44%-ია გათვალისწინებული, ხოლო 26% მოხმარდება სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მეორადი გზებისა და შიდა გზების მოწყობას ითვალისწინებს.

„დარჩენილი 30%-იდან დაახლოებით 11% ეს არის წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის, რომელიც წლევანდელ დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში დაახლოებით 2%-ით იზრდება, გარდა ამისა რეგიონული განვითარების თვალსაზრისით სხვადასხვა პროექტების განხორციელება იგეგმება სხვადასხვა რეგიონში, რომელიც გულისხმობს როგორც წყლმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ასევე ადგილზე
კულტურულ-ტურისტული ადგილების მოწყობას თუ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, – აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო სხვადასხვა რეგიონის პროგრამული განვითარების მიმართულებით მუშაობს, რაც ადგილზე დამატებითი შემოსავლის მოტანის მიზნით, ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.