მზეზე ორი ამოფრქვევა და კორონარული მასის ამოტყორცნა მოხდა — #1tvმეცნიერება
მზეზე მომხდარ ამოფრქვევათა შემდეგ, უახლოეს რამდენიმე დღეში დედამიწაზე შეიძლება ძლიერი პოლარული ციალი ვიხილოთ.
მზის ლაქამ, სახელად AR2929, ორი ანთება გამოყო, რასაც თან ახლდა კორონარული მასის ამოტყორცნაც. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი დედამიწისკენ არ იყო მომართული, ამოფრქვეული მასალა ამჟამად კოსმოსში მიქრის და შეიძლება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსაც დაარტყას, რამაც შესაძლოა, მცირე გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
პირველი ანთება 18 იანვარს მოხდა და M1.5 კლასის კატეგორია მიენიჭა. მეორე 20 იანვარს ამოიფრქვა. ის უფრო მძლავრი იყო, M5.5 კლასის. ორივე მათგანი საშუალო დონის ანთებად მიიჩნევა, რადგან ჩვენს მზეს გაცილებით მძლავრი ამოფრქვევებიც ახასიათებს; თუმცა, ისინი საკმარისად ძლიერია, რათა ეფექტები დედამიწაზეც შევიგრძნოთ.
ორივე ამოფრქვევის შემთხვევაში, რენტგენული სხივების ჭავლმა მოახდინა დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენის იონიზება, რაც იწვევს მოკლე ტალღების ხანმოკლე რადიო ჩახშობებს; პირველი მათგანი სამხრეთ ამერიკის თავზე, მეორე კი ინდოეთის ოკეანის.
კორონარული მასის ამოტყორცნას (CME) იწვევს მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება და წარმოადგენს მზის გვირგვინიდან (კორონა) მილიარდობით ტონა პლაზმის ამოფრქვევას. ის ხშირად მზის ანთებებთან ერთად ხდება და მზისგან გარე მიმართულებით გადაადგილდება; თუ დედამიწისკენ არის მომართული, ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად რამდენიმე დღე სჭირდება.
თუ ასე არ არის, მცირე ნაწილმა დედამიწას მაინც შეიძლება დაარტყას. სავარაუდოდ, ასე იქნება AR2929-ის კორონარული მასის ამოტყორცნის შემთხვევაშიც. შედეგად გამოწვეული გეომაგნიტური შტორმი მცირე იქნება, შეიძლება გამოიწვიოს მცირე რყევები ელექტროსისტემებში, რადიოკომუნიკაციების მცირე გაუარესება და ოდნავი ხარვეზები კოსმოსურ ოპერაციებში.
შეიძლება ვიხილოთ პოლარული ციალიც, რაც მაშინ ხდება, როცა კორონარული მასის ამოტყორცნის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს ეჯახებიან, ურთიერთქმედებენ და მაღალ განედებზე ცაში წარმოქმნიან შთამბეჭდავ ნათებას.
ასეთი ანთებები უფრო ხშირი ხდება, რადგან ჩვენი მზე მზის მაქსიმუმისკენ მიემართება, აქტივობის პიკისკენ, რომელიც 11-წლიანი ციკლურობოთ ხდება.
ეს ციკლი ეფუძნება მზის მაგნიტურ ველს, რომელიც ყოველ 11-წელიწადში ერთხელ ნაცვლდება, ადგილებს ცვლიან ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები. უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს (ბოლო კვლევების მიხედვით, მას რაღაც კავშირი აქვს 11,07-წლიან პლანეტურ განლაგებასთან), მაგრამ პოლუსები მაშინ გადანაცვლდება, როცა მაგნიტური ველი ყველაზე სუსტ წერტილშია, რასაც მზის მინიმუმს უწოდებენ.
მზის მაგნიტური ველი აკონტროლებს ჩვენი ვარსკვლავის აქტივობას, მათ შორის მზის ლაქებს (ძლიერი მაგნიტური ველის მქონე დროებით რეგიონებს), მზის ანთებებს და კორონარული მასის ამოტყორცნებს. შესაბამისად, მზის მინიმუმი მზის მინიმალური აქტივობით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც პოლუსები ადგილებს გაცვლიან, მზის აქტივობა თანდათან მაქსიმუმისკენ მიდის; ამ პერიოდში მზე ყველაზე აქტიურია.
ბოლო მზის მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში იყო. ამჟამად კი მზის მაქსიმუმისკენ მივემართებით, რაც 2025 წლის ივლისში დადგება. შარშან მზეზე საკმაოდ დიდი ამოფრქვევები დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს შეიძლება კიდევ უფრო დიდი ანთებები მოხდეს.
მზის არც ერთი ციკლი ერთმანეთს არ ჰგავს. შესაბამისად, ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად აქტიური შეიძლება იყოს მზე. ობსერვატორიებისა და ხომალდების გამოყენებით მეცნიერები ცდილობენ უკეთ შეისწავლონ მზის ქცევა და შტორმების პროგნოზირებაც უკეთესად შეძლონ.
კორონარული მასის ამოტყორცნებმა დედამიწის ორბიტულ მანძილამდე უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოაღწიოს, რაც ამ შაბათ-კვირას პოლარული ციალის ხილვის კარგ შანსს გაძლევთ, თუ შესაბამის ადგილას, დედამიწის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში იმყოფებით. ციალის პროგნოზს შეგიძლიათ თვალი ამ ბმულებზე ადევნოთ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.