Myvideo.ge პირველი და მეორე არხების გათიშვას არ აპირებს და სასამართლოს მიმართავს
Myvideo.ge პირველი და მეორე არხების გათიშვასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს და სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა და იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
საუბარია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების გამო დაწყებულ დავაზე, რომელზეც მარეგულირებელმა კომისიამ 28 ივნისს იმსჯელა.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ უკანონო გადაწყვეტილების შესრულებას. ჩვენ მას გავასაჩივრებთ და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ დავტოვებთ მილიონობით მაყურებელს ფეხბურთის გარეშე. ვთხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, აუცილებლად დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს არხის ხელმძღვანელობის იმ ქმედებებზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლობის საყოველთაობის პრინციპებთან და სხვა ძირეულ პრინციპებთან“, – განაცხადა კომპანია Georgian Ads-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ცინცაძემ.
ცინცაძის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება აბსურდულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა კი დისკრიმინაციული.
„კანონით Myvideo არის ისეთივე ავტორიზებული ტრანზიტორი კომპანია, როგორიც არის „მაგთი“, „სილქ ტვ“ და ასობით სხვა საკაბელო და ციფრული ტელევიზია. ჩვენ დაგვევალა პირველი და მეორე არხის დაუყოვნებლივი გათიშვა არამარტო ფეხბურთის დროს, არამედ სრულად. რაც, სხვათა შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ მოუთხოვია“, – აღნიშნა Myvideo-ს წარმომადგენელმა.
კომპანიის ადვოკატის, შალვა ცხაკაიას განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით.
„გადაწყვეტილება ემყარება ისეთ მტკიცებულებებს, რომელთა მიღება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დაუშვებელი იყო. გარდა ამისა, გადაწყვეტილება თავისი შინაარსით გასცდა მომჩივანის მოთხოვნას“, – განმარტა ცხაკაიამ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე Myvideo-ს წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებელი ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროებაშიც დაადანაშაულეს.
„როგორც ვიცით, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება, ჩვენი აზრით სრულიად უსამართლოდ სარეკლამო ბაზრის წილი მიიტაცა, რის შედეგადაც დააზარალა ყველა კომერციული ტელევიზია, მათ შორის მცირე და რეგიონალური ტელევიზიები, რომლებიც ფაქტობრივად დასახურად გაწირა. დღეს დავდექით იმ ფაქტის წინაშე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის წილის ასევე ჩვენი აზრით უკანონო გზებით მიტაცებას. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით რეკლამის გაყიდვის უფლება აქვს. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მუშაობა არ სურს ან არ შეუძლია. მიზნის მისაღწევად მათ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე მომუშავე კომპანიების შევიწროება განიზრახეს, რაშიც სამწუხაროდ აქტიურად ეხმარება კომუნიკაციების ეროვნული კომისია“, – განაცხადა კომპანია Georgian Ads-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ცინცაძემ.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს პირველი და მეორე არხების სიგნალის გათიშვა 28 ივნისს დაავალა. მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამის გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს.