მყინვარების დნობასთან ერთად, ჩნდება დაკარგულ ალპინისტთა გვამები და უძველესი ვირუსები
ევერესტის მყინვართა დნობასთან ერთად, დღის სინათლეზე გამოდის მრავალი წლის წინ ჩამარხული სხვადასხვა ნაშთები. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ექსპედიციათა ოპერატორები პოულობენ წლების წინ მთაზე ასვლის მსურველთა ცხედრებს.
1990-იანი წლებიდან ევერესტის მონახულების ბუმი დაიწყო. ასობით ადამიანისთვის ამის მცდელობა საბედისწერო აღმოჩნდა და გზაში დაიღუპა. უმეტესი მათგანის გვამი დღემდე თოვლსა და ყინულებშია ჩამარხული. თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად დნება მყინვარები, რის შედეგადაც, გამოჩნდა მრავალი ცხედარი.
ნეპალის მთამსვლელთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის, ანგ შერინგ შერპას განცხადებით, მათ ბარში ჩამოაქვთ ბოლო წლებში დაღუპულ ადამიანთა ნეშტები, მაგრამ დიდი ხნის წინ დაღუპულ ალიპინისტთა ცხედრები მხოლოდ ახლა იწყებს დღის სინათლეზე გამოსვლას.
მყინვარების დნობა საგანგაშოა არა მხოლოდ ევერესტის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, მყინვარებმა სწრაფად შემცირება დაიწყეს. აშშ-ის თოვლისა და ყინულის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთლიანად გაქრა რამდენიმე ყინულის ქუდი, მყინვარი და შელფური მყინვარი.
მაგალითად, აშშ-ში, მყინვარის ეროვნულ პარკში არსებული 150 მყინვარიდან მთლიანად გაქრა 30 მყინვარი.
უკან დახეული მყინვარები ზედაპირზე ღიად ტოვებენ როგორც სიცოცხლის უძველეს ფორმებს, ისე ნამდვილ საშინელებას — გვამებსა და უძველეს დაავადებებს.
ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული 2015 წლის კვლევის მიხედვით, არქტიკაში, მრავალწლოვანი მზრალობის ნიადაგში 30 000 წლის წინანდელი ვირუსი იპოვეს, რაც ამძაფრებს შიშს, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, შესაძლოა, კვლავ იფეთქოს არქაულმა დაავადებებემა.
ნეპალის მთის გიდთა ასოციაციის მდივნის ტენზიგ შეპრას განცხადებით, კლიმატის ცვლილებას ნეპალზე დიდი გავლენა აქვს, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ არ იცის, რამდენად ადეკვატურად ექცევა მთაში ნაპოვნ ცხედრებს.
ნეპალის კანონმდებლობით, გვამის პოვნის შემთხვევაში, უნდა ეცნობოს შესაბამის სააგენტოებს.
შერპას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცხედრების დიდი ნაწილი ქალაქებში ჩამოაქვთ, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. მთაში დარჩენილებს კვლავ თოვლში ან მიწაში მარხავენ. ევერესტიდან ერთი ცხედრის ჩამოტანა დაახლოებით 40 000-80 000 აშშ დოლარი ჯდება.
ამ ეტაპზე, ევერესტზე დატოვებულ ზოგიერთ ცხედარს მთამსვლელები ორიენტირად იყენებენ.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.