„მწვანე სკოლის“ დირექტორი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის, გამოიძიოს ეს საქმე, ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვები დავიცვათ
„მწვანე სკოლის“ დირექტორი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის, გამოიძიოს ეს საქმე, ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვები დავიცვათ

„მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური აცხადებს, რომ სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის საქმეზე მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაწოდა.

„გვინდა, გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა. არ მინდა, ჭორებით ვისაუბრო. მე რაც ვიცი და ვიცოდი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ყველაფერი ვთქვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის, გამოიძიოს ეს საქმე, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს. ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვები დავიცვა, ვინც ვერ დავიცავით სახელმწიფომ, ჩვენ, პირადად მე“, – განაცხადა კახა დავითურმა.

კახა დავითური ასევე განმარტავს, რომ სკოლაში მომხდარი ინციდენტი ადმინისტრაციული საქმე იყო.

„ჩვენი გადასახედიდან, ეს იყო ადმინისტრაციული საქმე. არ იყო ისე, რაიმე ზეწოლა მომხდარიყო, კრიმინალი ყოფილიყო. პოლიციას აქვს თავისი დღის წესრიგი. ის, რომ ეს იყო არასრულწლოვანი და მოდი, მე აღარ ვიჩივლებ – ეს დღის წესრიგში არ იდგა“, – აღნიშნავს კახა დავითური.

ამასთან, სკოლის დირექტორმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მომხდარის შემდეგ „მწვანე სკოლის“ კიდევ ერთმა მოსწავლემ, გოგონამ სცადა თვითმკვლელობა. მისი თქმით, ამის თაობაზე დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.