„მწვანე ალტერნატივა“ - „რიონის ხეობის მცველებმა“ პრაიდთან დაკავშირებით მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“კომუნიკაციას ვწყვეტთ
თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მწვანე ალტერნატივა“ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით.
„მწვანე ალტერნატივა“ გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ორივემ დიდი წვლილი შეიტანა სიძულვილის გაღვივებაში, რაც დღეს, 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმებით, მოძრაობების ოფისების დარბევითა და პარლამენტის შენობაზე ევროსაბჭოს დროშის ჩამოხსნით დაგვირგვინდა“, – აღნიშნული განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე ეხმაურება „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის დღევანდელ განცხადებას.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრაიდთან დაკავშირებით „რიონის ხეობის მცველებმა“ სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს, რის გამოც „მწვანე ალტერნატივა“ მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კომუნიკაციას წყვეტს.
„რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ კამპანიასა და საზოგადოებრივ მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, „მწვანე ალტერნატივა“ „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგი იყო ამ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებამდე და გააგრძელებს წინააღმდეგობას. ჩვენდა სამწუხაროდ, „რიონის ხეობის მცველებმა“, რომელთაც ამ წინააღმდეგობაში მოკავშირეებად განვიხილავდით, სრულიად მიუღებელი პოზიცია დააფიქსირეს პრაიდთან დაკავშირებით, ხოლო დღევანდელ, ადამიანის უფლებების შემლახავ აქციაში მონაწილეობით, დისკრედიტაცია გაუწიეს მთელ წინააღმდეგობის მოძრაობას. ამდენად, „მწვანე ალტერნატივა“ წყვეტს მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კომუნიკაციას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.