შალვა პაპუაშვილი - საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“, განემარტა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის კავშირი არ არსებობდა, თუმცა ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა
შალვა პაპუაშვილი - საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“, განემარტა საზოგადოებისთვის, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის კავშირი არ არსებობდა, თუმცა ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა

გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გამოქვეყნებული მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და საჯაროდ ეთხოვა „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის, რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა.

„სტიქიის მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენიდან იმის დასადასტურებლად, თითქოს შოვში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა. რეალობაში, თავად გამოქვეყნებულ ამონარიდშივე ჩანს, რომ საუბარი იყო არა მდ. ბუბისწყალზე, სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდ. დღვიორაზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრით ქვემოთ, სოფ. გლოლაში მიედინება და არანაირი კავშირი არ ჰქონია სტიქიასთან. რა თქმა უნდა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და პირადად მეც საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“, თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის, რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.