მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს საფრთხე, რომ თვალი დაკარგოს
მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ განცხადება მისმა აგენტებმა გააკეთეს.
მათი თქმით, რუშდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და არსებობს საფრთხე, რომ მწერალმა თვალი დაკარგოს.
მწერალს ნიუ იორკის შტატში დაგეგმილი ლექციის დროს დაესხნენ თავს. თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მან რუშდის რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მწერალი სცენაზე დაეცა. ბოროტმოქმედი მაყურებლებმა დააკავეს. ის ნიუ ჯერსის მცხოვრები, 24 წლის ჰადი მატარი აღმოჩნდა.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. მომხდარის გამოძიებაში პოლიციასთან ერთად ჩართულია აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო. წინასწარი ცნობით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, სალმან რუშდის მეოთხე რომანი „ეშმაკეული აიები“, რომელიც წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრებას ეფუძნება, მკრეხელობად აღიქვა მუსლიმურმა სამყარომ.