მუსიკისა და დრამის თეატრი, თამარ ბოკუჩავას დასახმარებლად, „გაყრას“ წარმოადგენს
მუსიკისა და დრამის თეატრი, თამარ ბოკუჩავას დასახმარებლად, თეატრის მუდმივმოქმედი რეპერტუარიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დადგმას – „გაყრას“ წარმოადგენს. ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება თამარ ბოკუჩავას, რომელსაც გადაუდებელი რეაბილიტაციის ჩატარება ესაჭიროება.
ქართველ თეატრმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორს, თამარ ბოკუჩავას გასულ წელს დაუსვეს მძიმე დიაგნოზი – ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე. მკურნალობის კურსისთვის საჭირო თანხა 6000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
საქველმოქმედო სპექტაკლი 28 ნოემბერს გაიმართება.
გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართა თბილისის გიმნაზიის დარბაზში და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ეს დღე, 14 იანვარი ითვლება ქართული პროფესიული თეატრის დაარსების დღედ.
„სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის და თანამედროვე მუსიკის, ქორეოგრაფიისა და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით, გასაგები და საინტერესო გახადა ის არამარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადასხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას, ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც.
დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რიტმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა, განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა“, – აცხადებენ მუსიკისა და დრამის თეატრში.