მუსიკა მუზეუმში - საკონცერტო სერიას ელისო ბოლქვაძის კონცერტი გახსნის
მუსიკა მუზეუმში - საკონცერტო სერიას ელისო ბოლქვაძის კონცერტი გახსნის

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება და საგანგებო ექსპოზიცია მხოლოდ ერთი დღით გაიხსნება.

მუსიკა მუზეუმში – ამ საღამოების სერიას მსოფლიო ვარსკვლავი, იუნესკო-ს მშვიდობის არტისტი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე გახსნის. სოლო კონცერტს საგანგებოდ მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ელისო ბოლქვაძე საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტია, რომელსაც აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება აქვს. კონცერტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცნობილი პიანისტი ასევე არის ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებელი, რომელიც იუნესკო-ს პატრონაჟით ტარდება. გარდა ამისა, ფრანგული საქველმოქმედო ფონდის „სოს ტალანტ“ (SOS Talents) საშუალებით, ელისო ბოლქვაძემ არაერთ ნიჭიერ ბავშვს გაუხსნა გზა საქართველოდან საერთაშორისო სცენისკენ.

მუზეუმში მხოლოდ ერთი დღით, წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია ქალთა პორტრეტები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან.

15 ქართველი თანამედროვე ხელოვანის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები მუზეუმის ფოიეში განსხვავებული ფორმატით იქნება გამოფენილი. ხელოვანთა შორის არიან: პირველი ქართველი ქალი პორტრეტისტი ქეთევან მაღალაშვილი, ნონკონფორმისტი მხატვარი ოთარ ჩხარტიშვილი, ასევე გამორჩეული ქართველი ხელოვანები ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, ნათელა იანქოშვილი, დიმიტრი ერისთავი, თემო ჯაფარიძე და სხვები. 1947 წლიდან 2000-იან წლებამდე შესრულებული ნამუშევრები ასახავს ქართული თანამედროვე პორტრეტული ხელოვნების საინტერესო განვითარებას.

კლასიკური მუსიკის კონცერტი და გამოფენა 7 მაისს გაიმართება.