მურმან დუმბაძე ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძის ძმის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე ხულიგნობისთვის ბრალდებული რეზო წულუკიძის ძმის, ფირუზ წულუკიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც მურმან დუმბაძემ განაცხადა, ფირუზ წულუკიძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წულუკიძეებს სთხოვდა, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ემუშავა, უარის მიღების შემდეგ კი, რეზო წულუკიძე დააკავეს.
მურმან დუმბაძის თქმით აღნიშნული ინფორმაცია არის ქვეყანაში არჩევნების წინ ძალადობრივი მეთოდების ამოქმედების სიგნალი. მურმან დუმბაძე ასევე აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციის აქციების დარბევას.
„2011 წლის მაისში, როცა აჭარის ტელევიზიასთან დაარბიეს ოპოზიციის აქცია, ამას ხელმძღვანელობდა დავით რიჟვაძე, ვისი წყალობითაც შვიდი ადამიანი დააკავეს. მე ბიძინა ივანიშვილთან პირადად მქონდა საუბარი, რომ ასეთი მოძალადე პირები არ ყოფილიყვნენ საჯარო სივრცეში, მაგრამ პირიქით, დააწინაურეს 2012-ში და გახდა ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი. ქვეყანაში დამკვიდრებულია კონტროლის მექანიზმი, ამ სიტუაციის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.