მუნიციპალური განვითარების ფონდმა კაპიტალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა და სარგებელი მიიღო
მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) კაპიტალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხა საბანკო ანგარიშებზე განათავსა და 4 842 449 ლარის სარგებელი მიიღო, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის განკარგულებათა საფუძველზე, ფონდმა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ეკონომიკის სამინისტროსგან 91 936 464 ლარი მიიღო. თანხის ნაწილით გულიას 3ა-ში, სახელმწიფო სერვისების მიწოდებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის მშენებლობა იგეგმებოდა, ნაწილით კი, გორგასლის 83ა-ში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.
როგორც აუდიტის ანგარიშში წერია, 9 900 000 ლარი ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნა, ხოლო 82 012 000 ლარი განათავსა კომერციული ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე სარგებლის მიღების მიზნით.
„პროექტების განხორციელება აუდიტის დასრულების თარიღისთვის ჯერ არ იყო დაწყებული და შესაძლოა, 2019 წლის ბოლომდეც ვერ განხორციელდეს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.