მუნიციპალური განვითარების ფონდი „გადმოსახედების“ მშენებლობას სტუდენტების ჩართულობით განახორციელებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ან გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.
საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. ყოველ წელს იზრდება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი. სულ უფრო აქტიური ხდება შიდა ტურიზმიც. ტურისტებსა და მოგზაურებს შთაბეჭდილებებს არა მხოლოდ ტურისტული ობიექტები, არამედ გზების პირას განთავსებული ფუნქციური ნაგებობებიც და უბრალოდ განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ადგილებში მოწყობილი გადმოსახედებიც უქმნიან.
მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს, რისთვისაც უკვე გააფორმა მემორანდუმი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები შეადგენენ გადმოსახედი მოედნების ესკიზურ პროექტებს, რომელთაგან საუკეთესოებს სპეციალური კომისია შეარჩევს.
შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების ფონდში. ამით პროექტში ჩართულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და სათანადო პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ.