მუნიციპალიტეტის მერის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე საკანონმდებლო შეზღუდვები შესაძლოა, აღარ გავრცელდეს
მუნიციპალიტეტის მერის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე საკანონმდებლო შეზღუდვები შესაძლოა, აღარ გავრცელდეს. შესაბამისი ცვლილებები – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი შიოლაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, კობა ლურსმანაშვილი, გოგი მეშველიანი, რომან მუჩიაშვილი და გოჩა ენუქიძე არიან.
ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ დღეს მოქმედი კოდექსით, მუნიციპალიტეტის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა გამგეობის, მერიისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო იმ თვითმმართველ ერთეულებში, სადაც საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის 10 პროცენტი 5 ერთეულზე ნაკლებია, შესაძლებელია შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის 5 ერთეულამდე გაზრდა.
კანონპროექტის ინიციატორები ითხოვენ, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული რაოდენობრივი შეზღუდვა მუნიციპალიტეტის მერის მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე არ გავრცელდეს.