მთვარისკენ მიმავალმა ისრაელურმა ხომალდმა დედამიწას ფოტო გადაუღო
მთვარისკენ მიმავალმა ისრაელურმა ხომალდმა დედამიწას ფოტო გადაუღო

რამდენიმე დღის წინ, ისრაელმა „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9-ით“ მთვარისკენ ზონდი, სახელად „ბერეშითი“ გაუშვა. დანიშნულების ადგილისკენ მიმავალმა ხომალდმა, 37 600 კმ მანძილიდან დედამიწას ფოტო გადაუღო.

სურათზე ჩანს თავად ზონდის ნაწილიც, განსაკუთრებით კი ფირფიტა, რომელზეც გამოსახულია ისრაელის დროშა და წარწერები ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ივრითზე შესრულებულია წარწერა „ისრაელის ხალხი ცოცხლობს“, ინგლისურად კი Small country, big dreams (პატარა ქვეყანა, დიდი ოცნებები).

ხომალდმა ფოტო ნელი ბრუნვისას გადაიღო. კადრში მოქცეულ დედამიწაზე ჩანს ავსტრალიის კონტინენტი.

ხომალდმა ფოტო წარმატებული საკვანძო მანევრის შემდეგ გადაიღო. ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რამდენიმე დღის წინ, ზონდის კომპიუტერში ხარვეზი დაფიქსირდა.

მართვის ცენტრმა დედამიწიდან ოთხი წუთის განმავლობაში გაააქტიურა ხომალდის მთავარი ძრავა, რომლის წყალობითაც ის დედამიწას 131 000 კილომეტრით მოშორდება და ახალ ორბიტაზე მოძრაობას დაიწყებს.

წარმატების შემთხვევაში, „ბერეშითი“ კერძო სექტორის მიერ მთვარეზე დასმული პირველი ხომალდი იქნება. ასევე პირველია ისრაელისთვისაც.

„ბერეშითი“ დაახლოებით სარეცხი მანქანის ზომისაა, აქვს ოთხი ფეხი და მთვარისკენ 10,5 კმ/წმ სიჩქარით მიჰქრის. დედამიწის გარშემო ის სულ უფრო და უფრო დიდ ორბიტაზე იმოძრავებს, სანამ საბოლოოდ მთვარის გრავიტაცია დაიჭერს და თავის ორბიტაზე გადატყორცნის. ხომალდი მთვარეზე 11 აპრილს დაჯდება.

მომზადებულია timesofisrael.com-ის მიხედვით.