მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები, მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები, მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, მიესალმება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებას, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებენ.

მისივე თქმით, ფედერაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალ-მარტში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ მიიღო.

„მივესალმებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებას და მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ უახლესი ინფრასტრუქტურითა და კარგად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფით. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა საქართველო ღირსეულად წარმოჩენილიყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები. მათ მიერ არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ იდეალურად შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამიტომ მუდმივ კალენდარში მოვხვდით, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ბურჭულაძემ.

ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მაღალი რანგის დელეგატები კლაუს ვალდნერი, უვე ბეიერი და ალბერტო სკიავონი ეწვივნენ, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურად მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ.