მთიან აჭარაში წლის ბოლომდე ახალი ველობილიკი მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ექვსი კილომეტრიანი უმაღლესი სტანდარტის ველობილიკი კოლხური ტყის გავლით ქედისა და შუახვის მუნიციპალიტეტებს დააკავშირებს.
„საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ეს ყველაფერი დაზამთრებამდე უნდა მოვასწროთ“, – განაცხადა საქათველის პირველ არხთან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
უწყების ცნობით, მარტივ საველოსიპედო ბილიკთან ერთად ე.წ. „Down Hill“-ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს. სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედო ინფრასტრუქტურა მთიანჭარაში პირველად იქმნება.
„ახალ ველობილიკზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირპარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველო ბილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლის, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბილიკზევე მდებარეობს რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი კავიანის ციხე. მარშრუტი ასევე, შეიძენს ეკო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო–ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.