„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ - დიდი საბავშვო ფესტივალი პირველი არხისგან ბათუმში
„მთელი ზაფხული ერთ დღეში“– დიდი საბავშვო ფესტივალი პირველი არხისგან ბათუმში. 22 ივლისს, 12:00 საათიდან ზღვისპირა ფერად ქალაქში სტუმრებს საინტერესო შეხვედრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ. ღონისძიება გამორჩეულ შემეცნებით და გასართობ პროგრამას აერთიანებს.
ფესტივალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი გახსნის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ამოცანაა, ყველა ასაკის აუდიტორიისთვის საინტერესო და თანამედროვე იყოს. დასახულ ამოცანებს შორისაა, შევქმნათ სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, მედიაპროდუქტების შემქმნელთათვის და ახალგაზრდა აუდიტორიას მუდმივად განახლებული პროგრამირება შევთავაზოთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „წიგნების თაროს“ წიგნების კითხვის რიგით მეორე ფესტივალი გაიმართება ამჯერად ბავშვებისთვის, მათ საყვარელ პროექტ „რანინასთან“ ერთად.
ადგილზე მოსული ბავშვები და მათი მშობლები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ, ბუნებაში მოწყობილ კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ „წიგნების თაროს“ სამკითხველო სივრცეს, გაცვალონ წიგნები და მიიღონ ლიტერატურასთან დაკავშირებული რჩევები თაროელებისგან. ასევე, მოისმინონ საინტერესო ლექციები, ითამაშონ „წიგნების თარო“ ფესტივალის წამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად და დასაჩუქრდნენ პრიზებით.
საღამო „რანინას“ გრანდიოზული ლაივკონცერტით გაგრძელდება, რომელსაც დავით ალადაშვილი გაუძღვება. მაყურებელი საბავშვო მუსიკალურ მეგაშოუ „რანინას“ ყველა სეზონის მონაწილეს სცენაზე იხილავს და რანინელები უკვე კარგად ცნობილ კომპოზიციებს და მსოფლიო ჰიტებს შეასრულებენ.
ფესტივალის მიზანია, ბავშვებში წიგნების კითხვის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნა.