მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ
მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ სამთავრობო უწყებად – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ამილახვრის განმარტებით, „ქართული ოცნებისთვის“ კულტურა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ცვლილებები სწორედ სფეროს უფრო ეფექტიან მართვას ისახავს მიზნად.
„მოხდება ორი სამინისტროს ჩამოყალიბება, ერთი მხრივ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და მეორე მხრივ, განათლებისა და მეცნიერების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვინაიდან ორივე არის ძალიან დიდი პრიორიტეტული სფერო, შესაბამისად, რეფორმების უფრო სწრაფად გასატარებლად, უფრო ეფექტური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კულტურის მიმართულება ცალკე გამოეყოს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
პლენარულ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფეროს გამოყოფასა და ახალი საპარლამენტო კომიტეტის – კულტურის კომიტეტის შექმნას.