მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 84 პროცენტით მეტი თანხა დაიხარჯა
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაგეგმილზე 84 პროცენტით მეტი თანხა დაიხარჯა

დაგეგმილი 40 მილიონი ლარის ნაცვლად, 2017 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 73,7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

მონაცემები სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მონაცემების თანახმად, გეგმის გადაჭარბებამ 84 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე დიდი მოცულობის თანხები სარეზერვო ფონდიდან შარშან სპორტის მიმართულებაზე დაიხარჯა. მათ შორის, 6,999 მილიონი მოხმარდა „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“; 9,443 მილიონი ლარი – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვას; 1,315 მილიონი ლარი – რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას; 1,999 მილიონი ლარი – კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას; 4,664 მილიონი ლარი საქართველოში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამას; 617,9 ათასი ლარი – საქართველოს ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის და პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიებს; 515 ათასი ლარი – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს.

სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 8 მილიონი ლარი დაიხარჯა სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და მართვას (მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელებას).

საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას 3,151 მილიონი ლარი მოხმარდა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ტრანსფერებს – 2,955 მილიონი ლარი.

5.5 მილიონი ლარი გამოიყო დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, პოლიციის რეგიონული დეპარტამენტებისთვის, სასაზღვრო პოლიციისთვის, დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის.