მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება
საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ შეისწავლა აღნიშნულ სექტორში არსებული გამოწვევები და ვინაიდან „კოვიდის“ გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, ისინი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის, 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, „კოვიდის“ გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში, და ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.